დახელოვნებაზე დაფუძნებული სწავლება

დახელოვნებაზე დაფუძნებული სწავლება ბოლო 50 წლის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურად გამოკვლეული საგანმანათლებლო მეთოდია. ეს სწავლების სტრატეგია და საგანმანათლებლო ფილოსოფიაა, რომელიც 1960-იან წლებში ბენჯამინ ბლუმმა თავისი ექსპერიმენტული კვლევების შედეგად შეიმუშავა.

დახელოვნების მეთოდის მთავარი პრინციპია, რომ მოსწავლეებმა უნდა მიაღწიონ ცოდნაში დახელოვნების დონეს (ანუ, მაგალითად, აიღონ ქულების 90% ამა თუ იმ საკითხის ტესტში), სანამ გადავლენ სწავლების შემდეგ საფეხურზე. მოსწავლე არ გადავა შემდეგ საკითხზე იქამდე, სანამ არ დახელოვნდება წინა საკითხში. ამგავარად, თითოეულ მოსწავლეს ამა თუ იმ მასალის დასაძლევად სხვადასხვა დრო ეძლევა - ისინი სწავლობენ საკუთარი ტემპით და თუ მოსწავლე ვერ აბარებს ტესტს, ეს არ არის მისი ბრალი - ის აგრძელებს მუშაობას იქამდე, სანამ არ დაძლევს მასალას.

Lecture – ლექცია, Mastery Learning – დახელოვნებაზე დაფუძნებული სწავლება, Individual Tutoring – ინდივიდუალური სწავლება, Achievement Score – მიღწევის ქულა. წყარო:  blog.coursera.org

Lecture – ლექცია, Mastery Learning – დახელოვნებაზე დაფუძნებული სწავლება, Individual Tutoring – ინდივიდუალური სწავლება, Achievement Score – მიღწევის ქულა. წყარო: blog.coursera.org

დახელოვნებაზე დაფუძნებული მეთოდი ეწინააღმდეგება სწავლების ტრადიციულ პრინციპს, რომელშიც მოსწავლეებს კლასებში ასაკის მიხედვით ვაჯგუფებთ. ასეთ დროს თუ მოსწავლე ვერ დაძლევს ცოდნის ამა თუ იმ პრერეკვიზიტს, მაგალითად, სამკუთხედებს, მას გაუჭირდება ტრიგონომეტრიის გააზრება - მას გაუჩნდება ჩავარდნა ცოდნაში. ასეთი მოსწავლე ცოდნით ჩამორჩება თავის თანატოლებს, თუმცა ის მაინც გადაჰყავთ სწავლების შემდეგ საფეხურზე.

დახელოვნების სწორად დანერგილ მეთოდს დადებითი შედეგები აქვს. 1988 წელს გასკისა და პიგოტის მიერ ჩატარებულ მეტა-კვლევაში 46 საკლასო ოთახში გამოვლინდა დადებითი შედეგები ისეთ ცვლადებში, როგორიცაა მოსწავლის აკადემიური მოსწრება, დასწავლილი მასალის დამახსოვრება, აქტივობებში ჩართვა და ა.შ.

დახელოვნების სისტემას ეფუძნება, ასევე, „ხანის აკადემია“ – Educare Georgia-ს მიერ ნაწილობრივ გაქართულებული წამყვანი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა. „ხანის აკადემიაზე“ დახელოვნების პრინციპის დანერგვით მასწავლებელი ზოგავს დროს, მოსწავლე კი სწავლობს საკუთარი ტემპით.

„ეს, ალბათ, სწავლების უძველესი გზაა,“ - ამბობს ხანის აკადემიის დამფუძნებელი, სალ ხანი, ჯენიფერ გონსალესთან ინტერვიუში, - „ის გვეუბნება, რომ იმ ტემპით უნდა ვისწავლოთ, რომელიც კომფორტულია ჩვენთვის, და ეტაპობრივად დავოსტატდეთ კონცეფციებში. იდეურად ამას არავინ არ ეწინააღმდეგება. ამ მეთოდს მხოლოდ პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე აკრიტიკებენ - როგორ უნდა მოვახდინოთ მისი დანერგვა?“

მართლაც, როგორ უნდა მოახერხოს მასწავლებელმა თითოეული მოსწავლის დონის განსაზღვრა იმავე რესურსებით?

„ხანის აკადემია“ ამ მეთოდს რეალობად აქცევს და ავტომატურად ახდენს მოსწავლის პროგრესის აღრიცხვას. ის მასწავლებელს ატყობინებს, რამდენად მზადაა მოსწავლე ამა თუ იმ საგანში, უნარში, რა საკითხების გაღრმავება სჭირდება. მასწავლებელი ონლაინ აძლევს მოსწავლეს დავალებებს და აკვირდება  მათ პროგრესს; ხედავს, ვის რა საკითხში სჭირდება დახმარება. ამ სისტემის წყალობით, მოსწავლეებსა და მასწავლეებს შეუძლიათ, გაზომონ საკუთარი პროგრესი, აიღონ დახელოვნების ქულები, განივითარონ ახალი უნარები და გადალახონ გამოწვევები.

ხანის აკადემიის დახელოვნების დონეები

ხანის აკადემიის დახელოვნების დონეები

„მასწავლებლებს სჭირდებათ უფრო დეტალური ინფორმაცია, რომ გაიგონ, რაზე დახარჯონ დრო,“ - ამბობს სალ ხანი. „მოსწავლეებს კი სჭირდებათ უკეთესი უკუკავშირი, რომ შესაბამისად შეცვალონ სწავლის სტრატეგია. მასწავლებელი ბევრად უფრო პროდუქტიულად ხარჯავს საკუთარ დროს, რადგან მას აღარ უწევს საათობით დავალებების სწორება და დარიგება. აი, ამიტომაა ეს ტექნოლოგია ფასდაუდებელი. თუ მოსწავლე დაიბნა, სამწუთიანი ვიდეოთი მას საკითხს უკეთ გავაგებინებთ.“

თუ არ გსურთ, თქვენი სწავლების მეთოდი მთლიანად შეცვალოთ, შეგიძლიათ, ეს მეთოდი ნაწილობრივ დანერგოთ. სკოლები, რომლებიც „ხანის აკადემიასთან“ თანამშრომლობენ, იტყობინებიან, რომ ისინი დადებით შედეგებს იღებენ მაშინაც კი, როცა კვირაში თუნდაც გარკვეული დროის განმავლობაში იყენებენ სწავლების ამ მეთოდს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სკოლაში, სადაც დახელოვნების მეთოდს ყოველ კვირა 30-60 წუთი ეთმობოდა, მოსწავლეების წინსვლა მათემატიკაში 33%-ით დიდი იყო, ვიდრე მათთვის, ვინც სკოლაში მხოლოდ 15 წუთს ხარჯავდა.

„მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ ეს ძალიან მარტივად მოხერხებადია,“ - ამბობს სალ ხანი. „ვისაც არ გავესაუბრე, ყველგან ერთი და იგივე მესმის: მასწავლებელმა იცის, რომ კლასში ყავს მოსწავლეები, რომლებიც არ არიან მზად ამა თუ იმ სტანდარტის დასაძლევად - არადა, ეს სტანდარტი სკოლაში აუცილებლად უნდა გაიარონ. მან იცის, ასევე, რომ კლასში ზოგიერთმა მოსწავლემ ეს სტანდარტი უკვე დაძლია, თუმცა ამ მასალაზე გაკვეთილების თავიდან მოსმენა მოუწევს.“

UnitTestComplete.png