როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია მათემატიკის სწავლებისას ისტ-ის გამოყენებით, IX კლასში

ცოდნის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთეა, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს
— Educare Georgia

ჩემი სკოლა, სადაც კვლევა ჩავატარე არის მაღალმთიან რეგიონში, სადაც ძირითადად ასწავლიან მოწვეული პედაგოგები, მეც პროგრამით მომიწია ამ სკოლის IX კლასში მუშაობა. სასწავლო წლის დასაწყისშივე შევნიშნე, რომ მოსწავლეებისათვის მათემატიკის გაკვეთილი იყო მოსაწყენი, ელოდნენ გაკვეთილის სწრაფად დასრულებას. გადავწყვიტე დავკვირვებოდი მათი სწავლის პროცესს, ჩართულობას, აქტიურობას, გავცნობოდი მათი ინტერესის სფეროს. ვთანამშრომლობდი სხვა საგნის პედაგოგებთან, კლასის დამრიგებელთან. განსაკუთრებით საინტერესო იყო მათი დაწყებითის მასწავლებელთან ურთიერთობა. დავგეგმე ექსკურსია, რათა უკეთ გამეცნო მათი შესაძლებლობები, უნარები. ვაანალიზებდი შედეგებს, ვაკეთებდი შეფასებას.

დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა პრობლემა – მოსწავლეებში მათემატიკისადმი მოტივაციის ნაკლებობა. 

დავიწყე მუშაობა პრობლემის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე. გავეცანი შესაბამის ლიტერატურას და შევძელი მიზეზების ჩამოყალიბება. ვთვლი, რომ ეს მიზეზებია:

  • მასწავლებელთა ხშირი ცვლილება

  • სწავლების მეთოდების ერთფეროვნება

  • მოსწავლეთა შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა

  • რესურსების ნაკლებობა

  • ისტ-ის გამოყენების ნაკლებობა

  • დიდი მოცულობის საშინაო დავალება

ამ მიზეზების გათვალისწინებით ჩავთვალე, რომ პრობლემას მოვაგვარებდი თუ ისტ-ის რესურსებს გამოვიყენებდი, როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე საშინაო დავალების შესრულებისას და კვლევის თემაც შესაბამისად განვსაზღვრე – „როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია მათემატიკის სწავლებისას ისტ-ის გამოყენებით, IX კლასში“.

მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით დავგეგმე ინტერვენციები: 

  • ხანის აკადემია 

  • geogebra kahoot

  • learningapps

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო „ხანის აკადემია“. ხანის აკადემია გამოვიყენე, როგორც საგაკვეთილო პროცესში ახალი მასალის ახსნისას, ასევე საშინაო დავალების შესასრულებლად. შევქმენით კლასი ხანის აკადემიაში.ფეისბუკის ჩატში ვუგზავნი მოსწავლეებს შეტყობინებას გაგზავნილი დავალების შესახებ. ყველა მოსწავლე აქტიურად ჩამერთო და სიამოვნებით ელოდებიან დავალებებს. სასიამოვნო განცდაა როცა ხედავ მოსწავლეების პროგრესს. განსაკუთრებით მომწონს შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდით გაკვეთილის დაგეგმვა, რადგან მოსწავლეებს საშუალება აქვთ სახლში ნახონ გაკვეთილი, იმდენჯერ რამდენჯერაც საჭიროა მათთვის. მისი დადებითი მხარე არის არა მარტო ის, რომ მოსწავლეს აქვს საშუალება ვიდეო გაკვეთილებს უყუროს შინ, არამედ ისიც, რომ არის სავარჯიშო პლატფორმა, რომელიც თვითონ საზღვრავს რა დონეზეა მოსწავლე, იქედან გამომდინარე ეხმარება მას განვითარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მასწავლებელს შეუძლია ნახოს მთელი კლასი ერთ სივრცეში, თვალყური ადევნოს მოსწავლეთა ნამუშევრებს და შეაფასოს თითოეული მოსწავლე იმის მიხედვით, თუ რა ნაწილში აქვს პრობლემა, რათა ინდივიდუალურად დაეხმაროს მას. სასიამოვნო განცდაა როცა ხედავ მოსწავლეების პროგრესს. ხანის აკადემიის საშუალებით შევძელი მოსწავლეების დაინტერესება. 

პოლია (ინგა) თოდუა

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ http://bit.ly/todua-action-research-report-2018